უკრაინული მედია: სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია
უცხოეთი

უკრაინული მედია: სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 1 წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწია

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე კვლავ ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ერთი წლის ვადით გაგრძელებაზე. ამის მიზეზი სლოვაკეთის პოზიცია გახდა.

ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირში არსებულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრატისლავას წინააღმდეგობის გამო ვერ შეათანხმეს სანქციების რეჟიმის 12 თვით გაგრძელების საკითხი.

„დღეს Coreper-მა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადაზე იმსჯელა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან და ძირს უთხრიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა.

სლოვაკეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სანქციების 1 წლით გაგრძელების ნაცვლად, კვლავ 6-თვიანი ვადის შენარჩუნებას ითხოვს.

გარდა ამისა, ბრატისლავა არ თმობს მოთხოვნას – არსებული სანქცირებული სიიდან ამოიღონ რამდენიმე პირი. პროცესის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დიპლომატები ამ პირების ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ.

„დიპლომატები კონსულტაციებს განაგრძობენ, რათა საბოლოო შეთანხმებას 15 სექტემბრამდე მიაღწიონ“, – აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.