„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” – განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.
მან ხაზი გაუსვა, რომ მეზღვაურთა გლობალური დეფიციტი დღეს ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
„კვალიფიციური და კომპეტენტური მეზღვაურების გარეშე გემები ვერ იმოძრავებენ და შესაბამისად, ვერც გლობალური ვაჭრობა იფუნქციონირებს”, – აღნიშნა ანდრეას ჰაჯიპეტრომ.
მისი შეფასებით, ამ კონტექსტში ქართველი მეზღვაურების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული პროფესიონალები არიან არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიისთვის”, – აცხადებს Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.
მან ასევე დადებითად შეაფასა საზღვაო აკადემიის გადაწყვეტილება სასწავლებელში მისაღები სტუდენტების რაოდენობის 500-დან 900-მდე გაზრდასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შედეგია და ამ ინიციატივაში მთავრობის დიდი წვლილია“, – აღნიშნა Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.