სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
რეგიონები

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფოდნის მიერ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გათვალისწინებულია 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში და ხაშურში, №2 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე. პროექტები მოიცავს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებას და შესაბამის სამშენებლო სამუშაოებს.

ამასთან, დაგეგმილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საბავშვო ბაღისა და ბათუმის №11 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება 25 ბავშვზე გათვლილი ბაღების მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 6 სოფელში. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საქობოსა და ზემო გურგენიანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლედარსალეში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში.

პროექტების მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნა.