არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი – ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.
„ზოგადად, სამწუხაროა, რომ სამართლებრივი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხდება. მე ვისურვებდი, რომ სამართლებრივი პასუხები გაეცეს სამართლებრივი საკითხს, თუ სამართლებრივ პრეტენზიებთან, რომელიც აქვს პროკურატურას თუ გამოძიებას. ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები სხვადასხვა დროს გვინახავს, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს. არის სამართლებრივი საკითხები, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი. ამ ბრალს სჭირდება პასუხი. ვფიქრობ, სხვა დანარჩენი, პოლიტიკური ინსინუაციები ზედმეტია.
ზოგადად, არავის ვუსურვებდი, რომ სხვა ადამიანების პიროვნული ტრაგედიების გამოყენება ხდებოდეს პოლიტიკური ინსინუაციებისთვის. ვიცით, ვინ იყენებს ამ მეთოდებს და წლებია, შეჩვეულები ვართ, რომ ხდება სხვადასხვა ტრაგედიების გამოყენება – თვითმკვლელობა იქნება თუ სხვა სახის. რაც შეეხება ადამიანს, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მგონი, მის სულს მაინც უნდა სცენ პატივი და მოასვენონ ადამიანი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.