ჰაკერებმა ბერლინის სენატის კონფიდენციალური მონაცემები ე.წ. დარქნეტში განათავსეს
უცხოეთი

ჰაკერებმა ბერლინის სენატის კონფიდენციალური მონაცემები ე.წ. დარქნეტში განათავსეს

ჰაკერულმა დაჯგუფებამ, Rhysida-მ ბერლინის სენატის კონფიდენციალური მონაცემები ე.წ. დარქნეტში განათავსა.

საუბარია ექვს ტერაბაიტამდე მოცულობის დოკუმენტაციაზე, რომლის გამოქვეყნებითაც Rhysida კიბერთავდასხმის შემდეგ იმუქრებოდა. ჰაკერული დაჯგუფება ხელისუფლებისგან 30 ბიტკოინის (ორ მილიონამდე ევროს) ოდენობით გამოსასყიდს 4 სექტემბრამდე ითხოვდა. თუმცა ბერლინის სენატში განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედებთან დათმობაზე წასვლას არ აპირებდნენ.

ამჟამად საჯაროდ ხელმისაწვდომია 1.4 მილიონამდე ფაილი.

გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, ამ დოკუმენტებს შორისაა 80 000-მდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და 46 500-მდე კონტრაქტი, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების შესახებ ინფორმაცია, სასამართლო დოკუმენტაცია, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა და კოდური სიტყვები.