ოპოზიცია თორიას რკინის კასრში
პოლიტიკა

ოპოზიცია თორიას რკინის კასრში

წიგნი დაშლისა ოპოზიციისა, პოლიტიკურ ძეთა და ასულთა სააკაშვილისა;

მელია აგინებს სააკაშვილს; სააკაშვილი აგინებს გვარამიას; წითლიძეც აგინებს გვარამიას; გვარამია აგინებს წითლიძეს და ხვიჩიას; ხვიჩია აგინებს გვარამიას და გირჩ ჯაფარიძეს, რომელსაც აქვს მეტი თავისუფლება ოკუპაციასთან შარვლის ჩახდით ბრძოლაში; ჩერგოლეიშვილი აგინებს ჟორჟოლიანს და სააკაშვილს; ბოკუჩავა არ აგინებს არავის და არც ბოკუჩავას აგინებს არავინ, რამეთუ ბოკუჩავას სააკაშვილმა აჩუქა ,,აიფონი“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა, რომელთაგანაც დაუტოვა მხოლოდ ,,აიფონი“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა კი ჩამოართვა.

არადა, აგერ, სულ ორი წლის წინათ იყო, ესენი რომ კოალიციურად აპირებდნენ ხელისუფლებაში მოსვლას და კოალიციურად, ანუ შეხმატკბილებულად უნდა ემართათ ქვეყანა, ესე იგი, გვარამია, წითლიძე, ნანუკა, ჩერგო, ხაბე, გირჩი ჯაფარიძე, ასევე მეორე ჯაფარიძე – ხაზარაძის ხაზით, კურკუმალ ვაითი ხაბე, მსოფლიო ბანი პაატა, ასევე მეორე პაატა – მანჯგალაძე, იმის უფროსი ვაშაძე – ჭიჭედ ხმობილი, რუბლების მომხვეჭელი ლიაკა და, რასაკვირველია, არაჟნებთან ერთად შემოტანილი სააკაშვილი, რომელსაც ციხიდან გამოიყვანდნენ, უნდა ყოფილიყვნენ მთავრობა და მხედრობა საქართველოსი.

თუმცა, კიდევ კარგი, ქართველ ხალხს სიბრძნემ არ უღალატა და მაშინ, 2024 წელს, ქვეყანა საჯიჯგნად არ მისცა ამ ერთმანეთის მოძულე, ერთმანეთის მოშურნე და ერთმანეთის უმად მჭამელთა კოალიციას, თორემ, წარმოიდგინეთ, ახლა მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფაში ასე კბილ და კბილ რომ გლეჯენ ერთმანეთს, ძალაუფლების გადანაწილებისა და სამთავრობო პორტფელების გაყოფის პროცესში რას იზამდნენ და რა სავალალო დღეში აღმოჩნდებოდა ამათ ხელში ჩავარდნილი საქართველო.

დღეს კიდევ უფრო აშკარად ჩანს, რას გადაურჩა ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და იმას მოყოლილ რევოლუციურ – მაიდნურ – პუტჩისტურ მცდელობებში, როცა ლაზარე გრიგორიადისი ისროდა ,,მოლოტოვის კოქტეილებს“, რუსთაველის გამზირი გახვეული იყო პეტარდების ცეცხლში და პრეზიდენტის სასახლის ფეხადგმული ღობე აგრესიულად შევარდა მურთაზ ზოდელავას მიერ მობილიზიბული მშვიდობიანი დემონსტრანტების მასაში, რომელიც საპოლიციო ძალების მიმართულებით ისროდა ქვებს, ვინაიდან არის ჟამი ქვების შეკრებისა და ქვების გაბნევისა.

მაგრამ ოპოზიციას ჟამიც აერია და კარიც!

ჟამკარარეული ოპოზიცია!

თუმცაღა, ამდენი არჩევნების წაგების, ამდენი რევოლუციის ჩაფლავების, ამდენი ხელმოცარვის შემდეგ ერთ რამეს კი სწორად მიხვდნენ სააკაშვილის პოლიტიკური ძენი და ასულნი: მათი ხელისუფლებაში მოსვლის, უფრო სწორად, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე ალბათობა, რომ ჯო უილსონმა ია ფარულავას სალომე ზურაბიშვილის ხელი სთხოვოს. ამდენად, კოლექტიურ ნაცმოძრაობაში შემავალ პოლიტიკურ ლუზერებს ისღა დარჩენიათ, ოპოზიციურ ფლანგზე უპირატესი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლონ და ამიტომაც აგინებენ, წყევლიან, კრულავენ, აშავებენ, აბეზღებენ და ჭამენ ერთმანეთს.

,,დათა თუთაშხიაში“ თორიას რკინის კასრი ხომ იცით?

ვირთაგვაჭმიები გამოჰყავს თორიას და ყველაზე ძლევამოსილ ვირთაგვას, რომელიც დანარჩენ ვირთაგვებს შეჭამს, სარფიანად ყიდის მეხომალდეებზე.

სწორედ თორიას რკინის კასრშია დღევანდელი ქართული, უფრო ზუსტად, ანტიქართული ოპოზიცია – გამარჯვებულ ვირთაგვაჭამიას, ვინც ყველას დაძლევს და სალიდერო დროშას ჩაიგდებს ხელში, სარფიანად დააფინანსებენ უცხოელი პატრონები.

საერთოდ, ოპოზიციონერობა სარფიანი საქმეა საქართველოში!

შენი ქვეყნის სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს დახლზე თუ გამოიტან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მუშტარი სულ გეყოლება.

ამდენი რაზე ვილაპარაკოთ, მარტივ მამრავლებად დაშლილი და ერთმანეთზე მამასისხლად წაკიდებული ოპოზიციის ერთადერთი პერსპექტივა ის არის, რომ ვინც ვირთაგვაჭამიების ბრძოლაში გაიმარჯვებს, ის სარფიანად გაიყიდება.

თორიას რკინის კასრში გამომწყვდეულ პოლიტიკურ ლუზერებს სხვა პერსპექტივა, უბრალოდ, არ გააჩნიათ.

ხოლო როცა დათა თუთაშხია მოსე ზამთარაძეს ეტყვის, თვითონ ეს თორიაც ვირთხას ჰგავსო, პასუხად მიიღებს – რა ქნას საწყალმა თორიამ, სულ ვირთხებთან აქვს საქმე და დაემსგავსა ადამიანი ვირთხას!

ჰოდა, ურსულას, მარტო კოსს, კაია კალასს და ჯო უილსონსაც სულ გვარამიასთან, წითლიძესთან, ბოკერიასთან და სამადაშვილთან აქვთ საქმე.

ავტორი: ჯაბა ხუბუა