საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ქვეყნის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო, პარიზს უკრაინისთვის დახმარების ამჟამინდელი მასშტაბით გაგრძელება აღარ შეუძლია.
„იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რა მასშტაბითაც აქამდე ვეხმარებოდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვამბობთ, რომ ამის გაგრძელება აღარ შეგვიძლია“, – განაცხადა ლე პენმა.
ფრანგი პოლიტიკოსის თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მტრულად არის განწყობილი უკრაინის მიმართ.
„ეს უკრაინის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას არ ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ მათი ჯარისკაცებისა და შეიარაღებული ძალების მომზადება, ასევე შეგვიძლია გავაგრძელოთ მათთვის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდება. მაგრამ ფინანსურად – აღარ შეგვიძლია“, – აღნიშნა ლე პენმა.
ოპოზიციონერის თქმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, ამბობდნენ, რომ პენსიების ინდექსაციისთვის ერთი ევროც კი არ არის, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკავშირის ბიუჯეტში საფრანგეთის მხრიდან წმინდა შენატანისთვის მილიარდობით ევრო იყოს გამოყოფილი.