უკრაინის აღმოსავლეთ ოპერატიული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვიქტორ ნიკოლიუკმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნიკოლიუკის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მასშტაბური რეორგანიზაციის ფონზე გახდა ცნობილი.
ცვლილებები უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დაკომპლექტებასა და სამხედრო მოსამსახურეების განაწილებას ეხება და ის ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა მიხაილო დრაპატიმ წამოიწყო.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მემკვიდრეს გადავცემ სრულად ბრძოლისუნარიან ძალას, რომელსაც შეუძლია აქტიური თავდაცვითი ოპერაციების მტკიცედ და ეფექტიანად წარმოება“, – დაწერა ნიკოლიუკმა სოციალურ ქსელში.
ნიკოლიუკი აღმოსავლეთის ოპერატიულ სარდლობას, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მონაკვეთზე მდებარე რეგიონებს იცავს, 2026 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში დონეცკის, ლუგანსკის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს, ასევე ხარკოვის ოლქებში მოქმედი ქვედანაყოფები შედის.
მანამდე ნიკოლიუკი დონეცკის ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობის მეთაურის თანამდებობაზე მან ბრიგადის გენერალი დმიტრო ბრატიშკო შეცვალა.
თანამდებობაზე ყოფნის ხუთი თვის განმავლობაში ნიკოლიუკი სლავიანსკის, კრამატორსკის, კონსტანტინოვკის, ოჩერეტინისა და პოკროვსკის მიმართულებებზე უკრაინელ სამხედროებს ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, როდესაც სარდლობა ჩაიბარა, ამ ტერიტორიებზე ვითარება „ძალიან რთული“ იყო.
„ერთობლივი ძალისხმევით შევძელით მტრისთვის კონსტანტინოვკის დაკავების საშუალება არ მიგვეცა და იქ მოწინააღმდეგის ძალები შევაჩერეთ. სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებებზე კი შევძელით მტკიცე, ეშელონირებული თავდაცვის შექმნა“, – დაწერა ნიკოლიუკმა.
გენერალს არ დაუკონკრეტებია, სად გააგრძელებს სამსახურს. მისი თქმით, მისი „ახალი გზა“ სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი რგოლის მიერ განისაზღვრება.
უკრაინული გამოცემა Hromadske, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ დრაპატის მიერ განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში აღმოსავლეთის ოპერატიული სარდლობა შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს.
წყაროების ცნობით, აღმოსავლეთ მიმართულებაზე უკრაინული ძალების მართვას ახლად შექმნილი „აზოვისა“ და „ცენტრის“ ძალთა დაჯგუფებები გადაიბარებენ. მათი შექმნის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს ბოლოს განაცხადა.