გველესიანმა მაგრად დააფარა!
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ის ბოლო მატჩი პორტუგალიის ნაკრებისათვის, სატურნირო თვალსაზრისით, არაფერს წყვეტდა, რადგან კრიშტიანუსა და კომპანიას ჯგუფში პირველი ადგილი და მერვედფინალის საგზური განაღდებული ჰქონდათ. ამიტომაც გამოვიდა რობერტო მარტინესის კრებული მეორე შემადგენლობით, უფრო ზუსტად, თითქმის მეორე შემადგენლობით, იმიტომ, რომ სადაც სუპერსთარი და ცოცხალი ლეგენდა სასტარტოშია, იმას მთლად მეორე შემადგენლობას ვერ დაარქმევ. 39 წლის რონალდუ კი სასტარტოში იყო, რადგან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გოლი ჯერ კიდევ არ ჰქონდა და ვისთვის უნდა შეეგდო პირველი ბურთი, თუ არა ტურნირის დებიუტანტ და ჯგუფის აუტსაიდერ საქართველოს ნაკრებისთვის? ამადაც იყო, რომ გამგელებული თამაშობდა ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი. სუპერმოტივირებული იყო და ისე უნდოდა გოლის გატანა, ვითომ საქართველოს კარის ბადეში ბურთის გახვევაზე ყოფილიყო დამოკიდებული მისი საფეხბურთო გენიის აღიარება. საქართველოს ნაკრებისთვის კი ის მატჩი ყველაფერს წყვეტდა – მოვიგებდით და პლეი–ოფში გავდიოდით, წავაგებდით და ჯგუფში ვრჩებოდით. და ამ დროს კრიშტიანუ რონალდუ გიჟივით დარბის! უტევს, ურტყამს, ვერ გააქვს და ყველა გაცუდებულ მომენტს ისტერიულად განიცდის!მატჩის 35–ე წუთზე, აღარ მახსოვს ვისი პასით, რონალდუ საჯარიმოს შიგნით დასარტყმელ პოზიციაზე გადის, მამარდაშვილის კარიდან 4–5 მეტრშია, ურტყამს და… უცებ, წამის მეათასედში, საიდანღაც, თითქოსდა არარსებობიდან ჩნდება გიორგი გველესიანის ფეხი. ჩვენი მცველი კრიშტიანუს დარტყმულს გასრიალებით აფარებს ფეხს და ბურთი კუთხურზე ვარდება, არადა, გახვრეტდა მამარდაშვილის კარის ბადეს, ისე ახლოდან და ისე ძლიერად დაარტყა პორტუგალიელმა ლეგენდამ. გველესიანის ეს დაფარება იმ თამაშის ერთ–ერთი საკვანძო და გადამწყვეტი მომენტი იყო, თორემ გოლის გაშვებისა და ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ თამაშის შემოტრიალება, ქამბექს ან რემონტადას რომ ეძახიან, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტი წერტილია. შეუსრულებელი მისია. ის თამაში კი მოვიგეთ და სადებიუტო ევროზე ჯგუფიდან გავედით!მათ შორის, იმის გამოც, რომ გველესიანმა რონალდუს დარტყმულს დააფარა!მაგრად კი დააფარა! თუმცა, გიორგი გველესიანს, ამპლუით ცენტრალურ მცველს, აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს, დაფარება და მოწინააღმდეგის გაწბილება არამხოლოდ მწვანე მინდორზე შეძლებია, არამედ, როგორც აღმოჩნდა, მართალი, წყობილი და განათლებული სიტყვითაც შესანიშნავად გამოსდის ამის გაკეთება. მისი ბოლო, ,,ჯეო თიმის“ იუთუბ გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუ ამის დასტურია. ინტერვიუ, რომელშიც გველესიანმა მაგრად დააფარა ლიბერალიზმის ქურქში გახვეულ ფაშისტებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ საჯარო სივრცეში არანახულ ფსიქოლოგიურ წნეხსა და პოლიტიკური ბულინგის კამპანიას აწარმოებდნენ, რათა მათ ,,რუსული კანონის“ საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინათ და იმ ,,აკაცუკური“ სექტისათვის გამოეცხადებინათ მხარდაჭერა, რომელიც ,,ევროპული ღირებულებების“ სახელით რუსთაველის გამზირს პეტრადების ცეცხლში ხვევდა და კიევური მაიდნის სცენარით ცდილობდა სახელმწიფოს გადატრიალებას. გიორგი გველესიანმა ინტერვიუში მაგრად დააფარა, მისივე სიტყვები რომ გავიმეოროთ, კოლექტიურ მოღალატეებსაც, რომლებიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებენ და თქვა – სანამ ასეთები პოლიტიკიდან არ გაქრებიან, ქვეყანას სიკეთე არ ექნებაო! ჰოდა, აიშალა კრაზანების ბუდე და დაესია გიორგი გველესიანს. სოციალურ ქსელებში ლანძღავენ, აგინებენ და უწყობენ განკითხვის დღეს. უფრო სწორად, ცდილობენ, მოუწყონ განკითხვის დღე, მაგრამ ეს არ გამოუვათ ისევე, როგორც კრიშტიანუს არ გამოუვიდა საქართველოს ნაკრების კარის აღება, რადგან გველესიანმა დააფარა. მაგარი დაფარება იცის გველესიანმა! და გველისანმა უნდა იცოდეს ისიც, რომ იგი ლიბერალურ მანტიაში გახვეული ფაშისტებისა და საქართველოს სამტროდ გარედან დაქირავებული ,,მეხუთე კოლონის“ ღვარძლისა და ბოღმის პირისპირ მარტო კი არ არის, არამედ პატიოსანი და ღირსეული საქართველო გვერდით უდგას და ზურგს უმაგრებს.როცა ფეხბურთში შეგიძლია, რომ რონალდუს არ გაატანინო, ცხოვრებაშიც აუცილებლად შეძლებ, შენი მართალი და წრფელი სიტყვა გაიტანო, მეტოქედ თუნდაც მთელი საჭინკეთი გედგეს. გიორგი გველესიანი მართალი და წრფელი კაცია, სავსე ქართული პატიოსნებით. მან იცის დოსტოევსკი, კამიუ და ისაია ბერლინი და … იცის მაგარი დაფარება! ჯაბა ხუბუა