არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა Fly Dubai-ს თვითმფრინავზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების ბრძანება გამოსცა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა თავდასხმას ტერორისტული მოტივი და იყო თუ არა ის წინასწარ დაგეგმილი, იუწყება The Times of Israel-ი.
გამოძიება ეხება Fly Dubai-ის FZ1073 რეისს, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა და 30 სექტემბერს ბორტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ საუდის არაბეთში, თაბუკის აეროპორტში იძულებით დაეშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს მეორე პილოტმა თვითმფრინავის კაპიტანს დანა დაარტყა და თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდებასა და მის ჩამოგდებას ცდილობდა. მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა თავდამსხმელის შეჩერება შეძლეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ინციდენტის ყველა გარემოება და მოტივი, მათ შორის, იყო თუ არა ის დაკავშირებული რაიმე ტერორისტულ საქმიანობასთან, ასევე არსებობდა თუ არა თავდასხმის წინასწარი დაგეგმვა ან ვინმესგან მიღებული მითითება.
საამიროების სასამართლო ორგანოები გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებას თვითმფრინავის რეგისტრაციისა და მისი საავიაციო დროშის საფუძველზე ფლობენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საამიროების კანონმდებლობა ვრცელდება თვითმფრინავის ბორტზე ჩადენილ დანაშაულებზე, „მაშინაც კი, თუ ისინი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მოხდა“, წერს გამოცემა.