დეკრეტული შვებულების თანხა დაყადაღებას აღარ დაექვემდებარება — პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
საზოგადოება

დეკრეტული შვებულების თანხა დაყადაღებას აღარ დაექვემდებარება — პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება დაყადაღებას აღარ დაექვემდებარება და იძულებით აღსასრულებლად არ მიექცევა.

შესაბამისი ცვლილებები „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში პარლამენტმა პირველი მოსმენით, 80 ხმით, ერთხმად მიიღო. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად არაუმეტეს 2 000 ლარით არის განსაზღვრული.

საკანონმდებლო ცვლილების საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მოვალე ორსულის ან მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.