საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ძალადობრივი არეულობის ფონზე ხელისუფლება კომენდანტის საათის ნაწილობრივ დაწესებას გეგმავს. ამასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიცია პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან რეგიონებში სახელმწიფოს წარმომადგენლებს დაავალა, 19 ოქტომბრის საღამოდან კონკრეტულ ტერიტორიებზე კომენდანტის საათი დააწესონ.
„ჩვენ ქალაქების ცენტრალურ ნაწილებში ლოკალურ არეულობასთან გვაქვს საქმე. კომენდანტის საათი ნაწილობრივი იქნება და შესაძლოა, მხოლოდ კონკრეტულ უბნებზე გავრცელდეს“, – განაცხადა ლეკორნუმ.
მან ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციების ფონზე პოლიციის საქმიანობის გარშემო გამწვავებულ პოლიტიკურ დებატებზე და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის დაუშვებელია.
„სამი კვირის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ პოლიცია ადამიანებს კლავს და აზიანებს, ბოლო ორი დღეა კი, გვეკითხებიან, რას აკეთებს პოლიცია. ეს ფრანგული შიზოფრენიის ერთგვარი გამოვლინებაა. არ შეიძლება, დავუშვათ, რომ პოლიცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად იქცეს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
ლეკორნუს თქმით, მიუხედავად შაბათს მომხდარი მძიმე ძალადობრივი ინციდენტებისა, არავინ დაღუპულა, რაც, მისი შეფასებით, სამართალდამცველების მუშაობის შედეგიცაა.
„შაბათის ძალიან მძიმე სცენების მიუხედავად, არავინ დაღუპულა და ეს სასწაულია. ეს კიდევ ერთხელ უნდა ითქვას. პოლიცია უკიდურესად რთულ გარემოში მოქმედებს და დადგენილი წესების შესაბამისად ასრულებს მოვალეობას“, – თქვა ლეკორნუმ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა არ გამორიცხა პოლიციის მოქმედების არსებული წესების გადახედვაც და განაცხადა, რომ ამ საკითხს პოლიტიკურ პარტიებთან განიხილავს. ამასთან, ლეკორნუმ სრული ნდობა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესს, რომლის გადადგომაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ მიიღო.
„როდესაც ვითარება რთულია, სახელმწიფო მტკიცედ უნდა იდგეს. ჩვენ ნდობას ვუცხადებთ მათ, ვისაც გადაწყვეტილებების მიღების გამბედაობა აქვს. ამავდროულად, უნდა გვქონდეს თავმდაბლობა, რომ ფრანგ ხალხს ვუთხრათ, რა გამოგვივიდა და სად დავუშვით შეცდომები“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ლორან ნუნიესი უსაფრთხოების სფეროს პროფესიონალია და არა პოლიტიკური ფიგურა, რაც კრიზისზე პროფესიონალური რეაგირების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ყველა არეულობის თავიდან აცილების გარანტიას ვერ ქმნის.
საფრანგეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა მასშტაბური სამართლებრივი ღონისძიებების დაწყების შესახებ. ლეკორნუს განცხადებით, ხელისუფლება აპირებს, გამოიძიოს, როგორ იყო ორგანიზებული შაბათ-კვირის ძალადობრივი არეულობა. პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, დღის განმავლობაში ძალადობაში განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობდნენ ულტრამემარცხენე ჯგუფები, საღამოს კი არეულობა კრიმინალურ ქმედებებში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ ვანდალიზმისა და მაროდიორობის აღსაკვეთად უსაფრთხოების დამატებითი ზომები 19 ოქტომბრის საღამოდან ამოქმედდება. ამასთან, მთავრობა არეულობის შედეგად დაზარალებული ბიზნესისთვის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. 20 ოქტომბრიდან ამოქმედდება ნაწილობრივი უმუშევრობის კომპენსაციის მექანიზმი, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად.
სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგის სწრაფად აღდგენაა, რის შემდეგაც სახელმწიფო ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებასა და დაზარალებული ბიზნესის დახმარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.