Euronews: ევროპაში თვითმფრინავებში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებების გაგზავნა გრძელდება – რამდენიმე რეისს მარშრუტის შეცვლა მოუწია
უცხოეთი

Euronews: ევროპაში თვითმფრინავებში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინებების გაგზავნა გრძელდება – რამდენიმე რეისს მარშრუტის შეცვლა მოუწია

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თვითმფრინავებში ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია დღესაც ვრცელდებოდა, – იუწყება Euronews-ი.

როგორც მედია წერს, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი რომიდან ლისაბონის მიმართულებით რეისს ასრულებდა, როცა რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკში ანონიმურმა პირმა დარეკა და ბორტზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ განაცხადა.

თვითმფრინავი ლისაბონის ჰუმბერტუ დელგადუს აეროპორტში ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე დაეშვა. ხელისუფლება შეტყობინებას იძიებს, თუმცა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა.

გარდა ამისა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, პარასკევს დილით კიდევ ოთხი შეტყობინება მიიღეს საფრანგეთის საჰაერო სივრცეში მყოფი თვითმფრინავების შესაძლო დანაღმვის შესახებ.

„თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაეშვნენ. უსაფრთხოების სამსახურები შემოწმებებს ატარებენ“, – განაცხადეს პრემიერ-მინისტრის სებსატიან ლეკორნუს ოფისში. უწყების ცნობით, დაწყებულია გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს შეტყობინებების წყარო. მათივე შეფასებით, მსგავსი შემთხვევები ევროპის მასშტაბით დასტურდება.

რაც შეეხება რომი-ლისაბონის რეისს, CNN Portugal-ის ინფორმაციით, პორტუგალიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიციამ სატელეფონო ზარი მიიღო პირისგან, რომელმაც თავი სამართალდამცავი უწყების თანამშრომლად წარუდგინათ და თვითმფრინავის ბორტზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ გააფრთხილა.

ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება გაიგზავნა ასევე Wizz Air-ის პრაღა-რომის რეისთან დაკავშირებით. თვითმფრინავი ვენეციის აეროპორტში გადაამისამართეს, სადაც ის უსაფრთხოდ დაეშვა.

როგორც Euronews-ი წერს, ანალოგიური შეტყობინებები ევროპის მასშტაბით გუშინაც გავრცელდა და, სულ მცირე, 25 ავიარეისს შეეხო. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია იმის დადგენა, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევები ერთმანეთს.