AP: JPMorgan Chase-ის ტექნიკურმა შეფერხებამ აშშ-ის რამდენიმე მსხვილ ბანკსა და Zelle-ის გადარიცხვების სისტემაში პრობლემები გამოიწვია
უცხოეთი

AP: JPMorgan Chase-ის ტექნიკურმა შეფერხებამ აშშ-ის რამდენიმე მსხვილ ბანკსა და Zelle-ის გადარიცხვების სისტემაში პრობლემები გამოიწვია

სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ათასობით მომხმარებელს აშშ-ის რამდენიმე მსხვილ ბანკში ონლაინ ანგარიშებზე წვდომისა და საბანკო ოპერაციების განხორციელებისას შეფერხებებს შეექმნა.

პრობლემები შეეხო ფულადი გადარიცხვების სერვის Zelle-საც. შეფერხების მიზეზი JPMorgan Chase-ის სისტემაში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზი გახდა, რომელმაც ფინანსურ სექტორში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია.

თუმცა, Chase-ში განაცხადეს, რომ ტექნიკური პრობლემები კიბერშეტევას არ უკავშირდებოდა და ბანკი საბანკო მომსახურების სრულად აღდგენას დღის ბოლომდე გეგმავდა.

„JPMorgan Chase-ის შიდა აპარატურულ სისტემაში პროგრამული ხარვეზით გამოწვეული დროებითი შეფერხება დაფიქსირდა. პრობლემა კიბერშეტევას არ უკავშირდება“, – განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა ჯო ევანგელისტიმ.

შეფერხება აშშ-ის ეკონომიკის სხვა სექტორებში ტექნიკური პრობლემების დაფიქსირებიდან რამდენიმე დღეში მოხდა. ხუთშაბათს Microsoft-ის მასშტაბურმა შეფერხებამ ისეთი სერვისების მუშაობაზე იმოქმედა, როგორიცაა Outlook, Teams და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი Copilot. პარასკევს კი აშშ-ის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემაში წარმოქმნილი ხარვეზის გამო ქვეყანაში ყველა ავიარეისი რამდენიმე საათით შეჩერდა, ხოლო საჰაერო მიმოსვლა შაბათ-კვირასაც შეფერხებული იყო, იუწყება სააგენტო.

იმავე განცხადებაში ევანგელისტიმ განმარტა, რომ პრობლემა მხოლოდ Chase-ს შეეხებოდა.

„ეს სისტემური პრობლემა არ არის. სხვა ბანკებს შესაძლოა, მხოლოდ ტრანზაქციების შენელება შეხებოდათ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ კონკრეტულ გადარიცხვაში“, – აღნიშნა მან.

Associated Press-ის ინფორმაციით, ორშაბათს დაფიქსირებული ტექნიკური შეფერხებები, ძირითადად, Chase-ის მომხმარებლებსა და სხვა ბანკების იმ კლიენტებს შეეხო, რომლებიც Chase-ის მეშვეობით ცდილობდნენ ტრანზაქციების განხორციელებას. Bank of America-სა და Citigroup-ის ჩათვლით, სხვა ბანკებს საკუთარ საბანკო სერვისებში პრობლემები არ ჰქონიათ.

Zelle არის აშშ-ის მსხვილი ბანკების მიერ გამოყენებული ელექტრონული გადარიცხვების სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის თანხის თითქმის მყისიერად გაგზავნა შეუძლიათ.

სერვისის მფლობელია არიზონაში დაფუძნებული კომპანია Early Warning Services, რომელსაც, თავის მხრივ, რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტი ფლობს, მათ შორის Bank of America, Capital One, JPMorgan Chase, PNC Bank, Truist, U.S. Bank და Wells Fargo.