ეგვიპტეში, კაიროს სამხრეთით მომხდარი მასშტაბური სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გიზასა და ფაიუმს შორის მოძრავი მატარებელი უკნიდან შეეჯახა მეორე შემადგენლობას, რომელიც კაიროდან ასუანის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
ეგვიპტის ტრანსპორტის სამინისტროს განმარტებით, შეჯახება დედაქალაქიდან სამხრეთით, დაახლოებით 50 კილომეტრში, გიზას პროვინციის ალ-აიატის რაიონში მოხდა. ძლიერი დარტყმის შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა.
ეგვიპტის რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულები სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოებში. ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფები და სპეციალური ტექნიკა, რათა ნანგრევებისგან გაწმინდონ ტერიტორია და მატარებლების მოძრაობა სტანდარტულ გრაფიკს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს.
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება უკვე აქტიურ ფაზაშია, რათა შეჯახების გამომწვევი ტექნიკური მიზეზები ზუსტად დადგინდეს.