გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების და მმართველი პარტიის მძიმე მარცხის განხილვის მიზნით თავის პარტიასთან (CDU) დღეს შეხვედრას გამართავს.
წინასწარი მონაცემებით, AfD-მ კვირას თავის ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია და ხმათა 44%-ი, მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე CDU-მ კი დაახლოებით 18% მიიღო. AfD-ს აბსოლუტურ უმრავლესობამდე ცოტა დააკლდა, რაც მიწის ასამბლეაში ახალი მთავრობის ფორმირებამდე ხანგრძლივი ვაჭრობის საფუძველს ქმნის.
მიუხედავად ამისა, შედეგმა შოკური ტალღა გამოიწვია გერმანიაში, რომელმაც ომისშემდგომ ეპოქაში აქამდე ახერხებდა ულტრამემარჯვენე პარტიების ხელისუფლებასთან მიახლოების აღკვეთას.
„მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად, AfD – პარტია, რომლის რეგიონული შტოც მემარჯვენე ექსტრემისტულად არის კლასიფიცირებული, აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებასთან ასე ახლოსაა. ეს შოკისმომგვრელი მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწის პრემიერ-მინისტრმა, CDU-ს წარმომადგენელმა დანიელ გიუნტერმა.
Euronews-ი წერს, რომ მერცისთვის, რომელიც კვირას, გვიან ღამით ბერლინის პარტიული შტაბ-ბინიდან ადევნებდა თვალს შედეგებს, თუმცა საჯაროდ არ გამოსულა, ეს შედეგი კიდევ ერთი დარტყმაა იმ ფონზე, როდესაც მისი მოწონების რეიტინგი მკვეთრად დაეცა.