კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მთავრობა მას გადაყენებას უპირებენ.
როგორც კლიჩკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გადაყენების მცდელობის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თითქოს ქალაქის ხელმძღვანელობა ზამთრისთვის არასათანადოდ არის მომზადებული.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ავრცელებენ უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს გათბობის სეზონის დაწყებას ხელი შეეშალა.
ადგილობრივი თვითმმართველობის განადგურებას ცდილობენ. და ეს ხდება არა მხოლოდ კიევში. თემების ხელმძღვანელებს შეთითხნილი მიზეზებით თანამდებობებიდან ათავისუფლებენ.
მე ხალხმა ამირჩია და ვმუშაობ. უკიდურესად რთულ პირობებში ყველაფერს ვაკეთებ, რათა კიეველთა ნდობა გავამართლო და უზრუნველვყო ქალაქის ფუნქციონირება მტრის უწყვეტი, გამანადგურებელი თავდასხმების პირობებში“, – განაცხადა კლიჩკომ.