საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს, – წერს გამოცემა POLITICO.
ორშაბათს გამართულ დახურულ შეხვედრაზე ელჩებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, ამოეღოთ თუ არა შავი სიიდან ალიშერ უსმანოვი.
განხილვებში მონაწილე ხუთმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ახლა პარიზზეა დამოკიდებული – რომელმაც კოლეგები გააოცა უსმანოვის სანქციებიდან მოხსნის მხარდაჭერით – განმარტოს, თუ როგორ არ შექმნის ეს ნაბიჯი სახიფათო პრეცედენტს. ელჩები ხელახლა 22 სექტემბერს შეიკრიბებიან.
„თუ საფრანგეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, სხვებიც გამოჩნდებიან საკუთარი ოლიგარქებით, რომლებიც სიიდან უნდა ამოიღონ… [და ამის შემდეგ] ბანქოს სახლიც ნგრევას დაიწყებს“, – განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. „ჩვენ ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ მათ შეიმუშაონ უსაფრთხოების გარანტიები და აწარმოონ მოლაპარაკებები კითხვებზე: „თუ ამას გავაკეთებთ, როგორია ვადები, როგორ ავარიდოთ თავი იმას, რომ ეს ყველაზე გავრცელდეს“. თუმცა, ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ არის შესაძლებელი“.
სამშაბათსა და ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრები პარიზთან ამ საკითხის განსახილველად იკრიბებიან – განაცხადა ევროკავშირის ორმა დიპლომატმა. მათ სკეპტიციზმი გამოთქვეს ამ ინიციატივის მიმართ იმ დროს, როდესაც მოსკოვი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ამკაცრებს და მეზობელ ქვეყნებს ემუქრება.