ციფრული აქტივების ინდუსტრიის უმსხვილესმა კომპანია Tether-მა, ციფრული აქტივებისა და ტრადიციული ფინანსების კორპორაციულმა და ინსტიტუციურმა ბანკმა Pave Bank და სინგაპურში დაფუძნებულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Global Finance & Technology Network (GFTN) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს (MOU), რომლის საფუძველზეც შეიქმნება საქართველო-სინგაპურს შორის ფინტექის სტიპენდიანტთა პროგრამა (Georgia-Singapore Fintech Scholars Programme). ინიციატივა საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სინგაპურში – მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინტექ ეკოსისტემაში მიიღონ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა სინგაპურში საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ინიციატივა ასახავს Pave Bank-ისა და Tether-ის ვალდებულებას, ინვესტიცია განახორციელონ მომავალი თაობის ლიდერებში და საქართველოს საუკეთესო, ნიჭიერ ახალგაზრდებს მისცენ შესაძლებლობა, ფინანსური ბარიერების გარეშე მიიღო გლობალური გამოცდილება და პერსპექტივა.
პროგრამის მონაწილეები სინგაპურის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლიან და შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და ჩაერთონ მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრის – სინგაპურის ფინტექ ეკოსისტემაში.
GFTN-ის მიზანია საერთაშორისო ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარების ხიდების შექმნა, რომელიც მთავრობებს, უნივერსიტეტებსა და კერძო სექტორს დააკავშირებს, რათა ჩამოყალიბდეს მომავლისთვის მზადყოფნაში მყოფი ფინტექ კადრები როგორც განვითარებად, ისე მოწინავე ფინანსურ ცენტრებში.
პროგრამა 2027 წლის აგვისტოდან დაიწყება და მიზნად ისახავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიზნესისა და STEM მიმართულებების საუკეთესო სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა, ერთი სემესტრი გაატარონ Singapore Management University (SMU)-ში და ამავდროულად სრულფასოვნად ჩაერთონ სინგაპურის მსოფლიო დონის ფინტექ ეკოსისტემაში.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს:
- საქართველოსა და სინგაპურს შორის უმაღლესი განათლების სფეროში პირველი ინსტიტუციური გაცვლითი პროგრამის შექმნას;
- ორ ქვეყანას შორის პირველი კერძო სექტორის მიერ დაფინანსებული ფინტექ სტიპენდიის პროგრამის ამოქმედებას.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილე სტუდენტები პარტნიორების მიერ შემუშავებული ყოვლისმომცველი შესარჩევი პროცესის საფუძველზე შეირჩევიან.
აკადემიური სწავლების გარდა, პროგრამა წარმოადგენს ტალანტების განვითარების სრულყოფილ გზას. იგი მოიცავს სპეციალურად შემუშავებულ სასწავლო გამოცდილებას, ინდუსტრიულ ჩართულობასა და მენტორობას სტუდენტების სინგაპურში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
თითოეული ნაკადი იმუშავებს საბოლოო პროექტზე, რომელიც შეისწავლის საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას შორის ფინტექ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. პროექტების შედეგები წარედგინება Tether-ის, Pave Bank-ის, GFTN-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს შესაძლოა მიეცეთ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებში.
სტიპენდიატები ასევე გახდებიან GFTN-ის „ცოდნის წრის“ წევრები – საერთაშორისო პროფესიული ქსელის, რომელიც მონაწილეებს ცოდნის გაზიარებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.
პროგრამას აფინანსებენ Pave Bank და Tether, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობას, აკადემიურ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, შექმნას ფინანსური ინოვაციების მომავალი თაობისთვის აუცილებელი ტალანტების ბაზა.
Tether-ში გვჯერა, რომ ფინანსური ინოვაციების მომავალს ის ნიჭიერი ადამიანები განსაზღვრავენ, რომლებსაც დღეს ვზრდით. ამისათვის ახალგაზრდებს უნდა გავუხსნათ გლობალური შესაძლებლობები, რომლებიც მათ მისცემს ძალას, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ როგორც საკუთარ საზოგადოებებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
Pave Bank-სა და GFTN-თან გაფორმებული ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მოხარული ვართ, რომ მომავალ ლიდერებს ვაძლევთ იმ რესურსებს, რომლებიც მათ ციფრულ ეკონომიკაში გზის გაკვლევასა და უფრო ინკლუზიური ფინანსური მომავლის შექმნაში წვლილის შეტანაში დაეხმარება – როგორც საკუთარ რეგიონში, ისე გლობალურად, – განაცხადა პაოლო არდოინომ, Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Pave Bank-ში გვჯერა, რომ ნიჭიერ ადამიანებში ინვესტირება ნიშნავს ფინანსური სექტორის მომავალში ინვესტირებას. ეს პროგრამა ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, შექმნან მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები და სამშობლოში დაბრუნდნენ იმ ცოდნითა და ხედვით, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამა ერთ მთავარ პრინციპზე ავაგეთ – მხოლოდ უნარებსა და შესაძლებლობებზე. კერძო დაფინანსება სრულად ხსნის ფინანსურ ბარიერებს, ამიტომ შერჩევა მხოლოდ დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული – ყველას ექნება თანაბარი შესაძლებლობა, – განაცხადა სალიმ დანანიმ, Pave Bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა.
ნიჭიერი ადამიანები ნებისმიერი წარმატებული ფინტექ ეკოსისტემის საფუძველია. Georgia-Singapore Fintech Scholars Programme-ის მეშვეობით GFTN საქართველოს საუკეთესო სტუდენტებს სინგაპურის მსოფლიო დონის ფინანსურ ეკოსისტემასთან აკავშირებს, რითაც ამზადებს მომავალ ლიდერებს, რომლებიც გააძლიერებენ ინოვაციასა და თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს სრულად შეესაბამება GFTN-ის მისიას, შექმნას საერთაშორისო ტალანტების განვითარების დერეფნები, რომლებიც დააჩქარებს ფინანსურ ინოვაციასა და ეკონომიკურ ზრდას, – განაცხადა სოპნენდუ მოჰანტიმ, GFTN-ის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა და სინგაპურის მონეტარული ორგანოს ყოფილმა უფროსმა ფინტექ ოფიცერმა.
პროგრამის დეტალები 27-28 ოქტომბერს „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამოცხადდება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება წელს მეორედ გაიმართება თბილისში, „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“. სამიტის თანაორგანიზატორები საქართველოს ეროვნული ბანკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და GFTN არიან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველოსა და სინგაპურს შორის ეს მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და პროფესიული პარტნიორობა სწორედ „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ დაიწყებს ახალ ეტაპს.
ეს პროგრამა არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და სინგაპურს შორის თანამშრომლობას ფინანსური ინოვაციების, განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
დამატებითი ინფორმაცია
Global Finance & Technology Network (GFTN)-ის შესახებ
Global Finance & Technology Network (GFTN) არის სინგაპურში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2024 წელს დაარსდა. ორგანიზაციას ოფისები აქვს ტოკიოში, ბერლინსა და ინდოეთში. მისი მისიაა პოლიტიკის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების დაკავშირება, რათა შეიქმნას მდგრადი, ეფექტიანი და ინკლუზიური ფინანსური სისტემები.
GFTN Services ხუთ კონტინენტზე მასპინძლობს საერთაშორისო ფორუმებს, რომლებიც აერთიანებს 130-ზე მეტი ქვეყნის ინოვატორებს, მეწარმეებს, ინვესტორებსა და პოლიტიკის შემქმნელებს. ორგანიზაცია ასევე უწევს მთავრობებს კონსულტაციას ფინტექ ინოვაციების, ფინანსური ჩართულობისა და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
GFTN Capital იქნება ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ზრდის ეტაპზე მყოფ ფინტექ კომპანიებში განახორციელებს ინვესტიციებს.
Pave Bank-ის შესახებ
Pave Bank არის სრულად ლიცენზირებული კომერციული ბანკი, რომელიც შექმნილია პროგრამირებადი ბანკინგის პრინციპით. ბანკი აერთიანებს ტრადიციულ საბანკო მომსახურებასა და თანამედროვე ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რაც ინსტიტუციურ კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიანი რეგულირებული პლატფორმიდან მართონ და ავტომატიზაცია გაუკეთონ გადახდებს, სახაზინო ოპერაციებს, უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებსა და ციფრულ აქტივებს.
ბანკი შექმნილია ორგანიზაციებისა და ტექნოლოგიური გუნდებისთვის, რომლებიც საჭიროებენ რეგულირებულ გარემოში პროგრამირებად ფინანსურ ინფრასტრუქტურას, მაღალი დონის რისკების მართვას, კორპორაციულ მმართველობასა და კაპიტალის უსაფრთხოებას.
(R)