ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სარჩელი უკან გაიწვიოს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული პროცესით, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლახან დაიწყო. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, სასამართლომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი უნდა განიხილოს.
პოლიტიკური კონკურენციის ბედი საარჩევნო ყუთებთან და ღია დემოკრატიული დებატების გზით უნდა წყდებოდეს და არა პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორებით სამართლებრივი პროცესების მეშვეობით, რომლებსაც მმართველი უმრავლესობა იწყებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განსაკუთრებული ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.
ეს პროცესი განსაკუთრებით შემაშფოთებელია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული შეშფოთების ფონზე, მათ შორის იმ საკითხების გათვალისწინებით, რომლებზეც ევროპარლამენტმაც გაამახვილა ყურადღება“, – აღნიშნულია მის განცხადებაში.
გუდრუნ კუგლერი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, „რომელმაც არაერთხელ გამოხატა თავისი სურვილი, ჰქონდეს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავალი“.
„პოლიტიკური პარტიების დაფუძნებისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია და დაცულია ეუთოს დემოკრატიული ვალდებულებებით.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის რანგში მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. საქართველო არ უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც პოლიტიკურ ოპოზიციას განიხილავენ არა როგორც დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, არამედ როგორც მტერს, რომლის განადგურებაც აუცილებელია“, – წერს კუგლერი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ოპოზიციის ლიდერები და სხვა პირები.
„საქართველოს მომავალი დემოკრატიაში, კანონის უზენაესობასა და პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემაშია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ამ გზას და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – ასკვნის ის.