უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, რადგან უკმაყოფილოა კარპატეთში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობით. ინფორმაციას Deutsche Welle ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, უნგრეთი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებების დაბლოკვის ერთადერთი მიზეზი უკრაინაში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებული პრობლემებია.
ცნობისთვის, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ექვს თემატურ კლასტერადაა დაყოფილი და ევროკავშირის კანონმდებლობის ყველა სფეროს მოიცავს. პირველი ორი კლასტერი მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში გაიხსნა.