პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა განსახილველად.
ცვლილების მიხედვით, ყადაღას არ დაექვემდებარება და, შედეგად, აღსასრულებლად არ მიექცევა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.
შესაბამისად, მოვალე ორსულის/მშობლის მიმართ სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც არ ექვემდებარება ყადაღას. მისი თქმით, აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.
ცვლილების თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს ეს პუნქტიც დაემატება.
„ეს თანხა სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქის მიმართ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ბავშვის და ოჯახის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, ზაზა ლომინაძე, ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ფაღავა, სუმბატ კიურეღიანი, ზურაბ ქადაგიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერაძე, მარიამ ლაშხი.
ყადაღას არ დაექვემდებარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობით ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება.