გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება
პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება

ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას: პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმის რეფორმაზე მსჯელობისას.

მისივე თქმით, შედეგი არის ის, რომ ბავშვი სასკოლო ცხოვრებიდანაც გათიშულია და ოჯახშიც პრობლემები იჩენს თავს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ფორმის შემოღება დავიწყოთ დაწყებითი კლასებიდან და წელს, როდესაც მეექვსე კლასელი ჩაიცვამს ფორმას და შეეჩვევა ამ ფორმის კულტურას, მომდევნო წელიწადს უკვე ბრძანებაში ცვლილებას შევიტანთ და ვიტყვით, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სასკოლო ფორმა გავრცელდება პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, 2028-2029 წელს პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით. ასე ჩვენ რამდენიმე წელიწადში უმტკივნეულოდ შემოვიტანთ ფორმის კულტურას სკოლაში და შესაძლებელია, რომ ზოგიერთ სკოლაში უფრო მალევე დაინერგოს ფორმა ყველა კლასში“, – აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ დეტალურად განმარტა ფორმების ხარისხთან დაკავშირებული საკითხები.

„კონკრეტულმა ადამიანებმა და ჯგუფებმა ვერაფერი რომ ვერ მოიგონეს, მოიფიქრეს ის, რომ თითქოს ხარისხია დაბალი, რაღაც სტანდარტს არ ექვემდებარება და პოლიესტერი თურმე ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი ყოფილა. ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ვიღებთ, წინასწარ არაერთხელ გვაქვს ნაფიქრი. ვიმსჯელეთ ამ ყველაფერზე, ვნახეთ საერთაშორისო პრაქტიკა და ა.შ.

კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა ბაზრის კვლევაში, არის არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც სასკოლო ფორმებს კერავს. ეს კომპანია თანამშრომლობს ბრიტანულ კომპანიებთან და არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული, შვეიცარიული კომპანიის დასკვნა, რომელსაც აქვს 115 ქვეყანაში 2500 ლაბორატორია. ამ კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.