შალვა პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე: აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს

აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირისა თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს არის ცილისწამება.

„დღეს ამ საკითხს მივუძღვენი სოცმედიაში გამოხმაურება, რომ ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული და ვერ გამოდის იმ ნარატივიდან, რომელიც ორი წლის წინ საპარლამენტო არჩევნების წინ და შემდეგ შეეცადნენ, რომ თავს მოეხვიათ საქართველოსა და მსოფლიოსთვის, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა მოქმედებები პოლიციის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიმსხვრა, ყველა საკითხი გამოძიებულია, განაჩენები დამდგარია, ვნახეთ ჩვენ 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა, სადაც აღიარებულია ყველა დანაშაული.

ახლა მოჭიდება ისევ ამ ცრუ ნარატივზე უბრალოდ აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი ხავსს ეჭიდებიან და კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას ცდილობენ, რომელიც საქართველოში დამარცხდა. უნდა გამოვიდეს ბრიუსელი ამ ილუზიებიდან, უარი უნდა თქვას აგრესიულ რიტორიკაზე საქართველოს წინააღმდეგ და მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენ კვლავ გვესმის ამგვარი რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ და უარი უნდა თქვას დეზინფორმაციის გავრცელებაზე საქართველოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საღ აზრს, როგორც იქცევა დღეს ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში, საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ ყველა ცრუ განცხადება, ევროკავშირის მხრიდან იქნება, თუ ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან, იქნება მხილებული.