ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე – „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სიტყვით გამოვიდა.
ჩაკვეტაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აუცილებლობაზე და ამ პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების როლზე გაამახვილა ყურადღება.
მისივე თქმით, საკითხი უკვე ეხება იმას, თუ როგორ შეუძლია გაფართოებას ევროპის გაძლიერება, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში კი, პარლამენტებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ.
“ძვირფასო კოლეგებო, პარლამენტები აღარ წარმოადგენენ მხოლოდ კანონშემოქმედებით ინსტიტუტებს. ისინი არიან მოსახლეობასთან დამაკავშირებელი ხიდები, სადაც ევროპული ინტეგრაცია ხვდება დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, ეროვნულ პრიორიტეტებსა და ჩვენი საზოგადოებების საჭიროებებს.
პარლამენტების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა დიალოგის, კონსენსუსის მიღწევისა და ურთიერთგაგების სივრცის შექმნა.
ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე ჩვენს პარლამენტებს შორის. პირიქით, ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის. აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია, ხოლო ინტერპრეტაციების განსხვავება – განხილვას ექვემდებარება.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. შესაბამისად, ნდობის აღდგენა და დიალოგის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 80%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და ჩვენი ქვეყანა აგრძელებს წვლილის შეტანას გაფართოების ანგარიშგების პროცესში. ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2028 წლისთვის ვალდებულებების 90%-ს შევასრულებთ.
ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია რჩება სტრატეგიულ და კონსტიტუციურ მიზნად. შესაბამისად, ჩვენი ერთგულება არ მოიცავს მხოლოდ ინსტიტუციურ დაახლოებას; ის ასევე გულისხმობს წვლილის შეტანას საერთო მიზანში – რეგიონთაშორისი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფაში, შავი ზღვის ფართო რეგიონში დაკავშირებადობის განვითარებასთან ერთად.
პარლამენტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმას, რომ გაფართოება აღქმული იყოს არა უბრალოდ რეფორმების ტექნიკურ ჩამონათვალად, არამედ საერთო პოლიტიკურ პროექტად, რომელიც გააზრებული და მხარდაჭერილია მოქალაქეების მიერ.
მათ ასევე შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ ეროვნული პერსპექტივები ისმოდეს უფრო ფართო ევროპულ დებატებში, იმ დროს, როდესაც ცენტრალურ ადგილს ინარჩუნებს სტრატეგიული მიზანი – უფრო ძლიერი და ერთიანი ევროპა.
ქალბატონებო და ბატონებო, საკითხი უკვე აღარ დგას მხოლოდ იმაზე, უნდა გაფართოვდეს თუ არა ევროკავშირი, არამედ იმაზე, თუ როგორ შეუძლია გაფართოებას ევროპის გაძლიერება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში პარლამენტებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ,” – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.