2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტმა მას კითხვა მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით დაუსვა.
„მეგის ქარდავა რას აღიარებს და რას არა [მნიშვნელოვანი არ არის]. მისი დაცვის მხარისგანაც შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს [უდანაშაულობის შესახებ] ოფიციალური განცხადებები ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანის მიმართ. ბრალს რომ არ ეთანხმება და გასაჩივრებას აპირებს დაცვის მხარე, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლოა ადვილი მოსასმენი არ იყოს. ღიმილის მომგვრელია, მეგის ქარდავაზე გვაქვს ლაპარაკი. 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან განაჩენს“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ გამოაცხადა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.