განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა
პოლიტიკა

განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა.

„თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაზე.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და თურქული ენების შესწავლის ხელშეწყობას.

შეთანხმება ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას და მოსწავლეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.

თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და თურქეთის განათლების მინისტრები ან მათ მიერ უფლებამოსილი მაღალი რანგის თანამდებობის პირები.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმებით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესს კოორდინაციას გაუწევს და მიღწეული შედეგების შეფასებაზე იმუშავებს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.