საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საფრანგეთში აქციებზე განვითარებულ მოვლენებს გამოხმაურა და ევრობიუროკრატები ორმაგ სტნდარტებში დაადანაშაულა.
„აღნიშნულს თავისი ახსნა გააჩნია. მათ აქვთ ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტი – ის, რაც დასაშვებია საფრანგეთისთვის, საფრანგეთის პოლიციისთვის, დაუშვებელია საქართველოში და პირიქით, საქართველოში მომიტინგეთა მხრიდან ძალადობრივ აქციას ნათლავენ, როგორც მშვიდობიანს, ხოლო საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში, პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მიმართ გააჩნიათ აბსოლუტურად სრული დუმილი.
არის თუ არა ეს აშკარა და ხაზგასმითი თავდასხმა საქართველოზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე?! მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების შეცვლისა და გამართლება, წახალისება ძალადობის, რაც ყველაზე უფრო მძიმე აღსაქმელი და მოსასმენია ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო რამდენიმე დღეა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. მიტინგები სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციებს სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. დემონსტრაციები პოლიციელებთან შეტაკებებით სრულდება. ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციელები აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. სააგენტო „როიტერსმა“ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებით გამოწვეული დაზიანებების 28 შემთხვევა დააფიქსირა. დაშავებულთა შორის არის 14 წლის მოზარდიც, რომელსაც ცრემლსადენი გაზის ყუმბარის მოხვედრის შედეგად ყბა დაუზიანდა, 15 წლის მოზარდმა კი ხელის მტევანი დაკარგა. ორ შემთხვევაში რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ადამიანმა თვალი დაკარგა ან დაუზიანდა. პოლიციის საქმიანობის ზედამხედველი ორგანო 24 შემთხვევას იძიებს.