გიორგი გაბუნია ჰერჩინსკის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას შეადარა: ქართული მუსიკა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან- წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას
პოლიტიკა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ “ევროპის დღე 2026”-ის ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს-ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს”.

დეპუტატის თქმით, ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.

“ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური კულტურის გამორჩეული საგანძურია და იგი ასევე სიმბოლოა ქართველთა ერთიანობისა და თავისუფლებისადმი განუზომელი სიყვარულისა. ქართულ პოლიფონიურ მუსიკას სჭირდება თავისუფალი აზროვნება და არ უყვარს და ვერ ეგუება რადიკალურ შეხედულებებსა და შეზღუდვებს.
ვერ იმღერებ ისეთ მომღერლთან ვინც არ გიყვარს და პატივს არ სცემ, არ მიგაჩნია შენს სწორად და თანაბარი რანგის პარტნიორად.
ქართული მუსიკა ისევე როგორც ჩვენი კულტურა დაკავშირებულია მარადიულ ღირებულებებთან ღმერთისა და სამშობლოსადმი თავდადებასთან, ადამიანის სიყვრულთან, ერთგულებასთან, ჭირსა თუ ლხინში მეგობრისადმი თანადგომასთან და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ქართველები სწორედ ამ ღირებულებებით ვსაზრდოობთ. ახლა კი წარმოიდგინეთ რამდენად რთულია თქვენთვის გაუგოთ და ესაუბროთ ერს, რომელსაც ასეთი ღირებულებები აქვს, ასე უყვარს თავისუფლება და არასდროს დაუშვებს ღირსების შელახვასა და უპატივცემლობას”,- წერს გაბუნია.