შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შეძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა. დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შეძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა. დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში

სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შეძლებიათ თურმე, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე პროტესტო აქციებთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის რაც ალბანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის განცხადებაში წერია, საქართველოს უნდა მოესმინა 2019 წლის 20 ივნისს, 2020 წელს არჩევნების შემდეგ, 2021 წლის მარტში და ასე შემდეგ.

„ეს განცხადება უნდა მოგვესმინა 2021 წლის მარტში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ და ნიკა მელია გამაგრდნენ „ალამუტის ციხეში“ [პარტიის ოფისში] და მაშინ ვნახეთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მიდიოდნენ მასთან და ახალისებდნენ ძალადობას. ვერ მოვისმინეთ, 2022 წლის ივნისში, როცა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ პარლამენტის წინ. ვერ მოვისმენთ 2023 წლის მარტში, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი მოლოტოვის კოქტეილით წვავდა პოლიციელს. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის მაისში, როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს ძალადობა, მოლოტოვის კოქტეილები ვიხილეთ რუსთაველის ქუჩაზე. ვერ მოსმინეთ 2024 წლის ნოემბერში არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები იდგნენ აქ და მაიდნისკენ მოუწოდებდნენ ხალხს და ვერ მოვისმინეთ 2025 წლის წლის 4 ოქტომბერს, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერის წაქეზებული ბრბო შეეცადა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას. ევროკავშირს ამდენი შესაძლებლობა ჰქონდა დაეგმო საქართველოში ძალადობრივი აქციები და ვერც ერთხელ ვერ მოვისმიეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სპიკერის თქმით, ახლა მთავარი კითხვაა – „რატომ?“.

„იმიტომ, რომ თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან. მათი დაფინანსებული ადამიანები იყვნენ 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე და არიან მოძალადეები. ევროკავშირის დაფინანსებული ადამიანები არიან, ვინც ცდილობდნენ პრეზიდენტისა და პარლამენტის სასახლის დაწვას, შტურმით აღებას და ევროკავშირის დაფინანსებული ადამიანები არიან, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ქვებს ისვრიან პოლიციელების მიმართ. ეს არის სიმართლე და ამას უნდა ჩახედონ თვალებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი სრულად ევროკავშირისა და მისი ელჩის სინდისზეა.

„სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აქეზებდნენ და აფინანსებდნენ ამ ძალადობას, ჯერ ბარიკადებზე აიყვანეს ეს ბრბო და შემდეგ ტოვებს ციხეში იმიტომ, რომ საქართველოზე თავდასხმის საშუალება ჰქონდეთ ამ რიტორიკით. იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობას გმობენ. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციების დროს ძალადობა, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტები, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმები და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურება შემაშფოთებელია.