გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა განხილვაში საქართველოს პოზიციები გაჟღერდა, – განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროში გამართული ვიზიტის შეფასებისას.მინისტრის თქმით, საქართველო ყველა მნიშვნელოვან განხილვასა და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე.
“პრემიერ-მინისტრმა, გარდა გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული მიმართვისა, მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში, რომელიც სხვადასხვა საკითხს ეხებოდა. ისინი ორგანიზებული იყო ევროკავშირის და სხვადასხვა აქტორების მხრიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე: მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე. მეც მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში მიმეღო, მათ შორის ყირიმის პლატფორმა. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად საქართველო მიწვეული იყო ამ პლატფორმაზე”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.