ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, დონალდ ტრამპის მიმართ საჯარო კრიტიკა შეარბილოს, – ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირში შიშობენ, რომ ტრამპის მისამართით ზელენსკის მწვავე განცხადებებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დააზიანოს ისედაც დაძაბული ურთიერთობები ვაშინგტონსა და კიევს შორის.
„შესაძლოა, ის, რასაც ზელენსკი ამბობს, სიმართლეა, მაგრამ ყველაფრის ხმამაღლა თქმა საჭირო არ არის“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.
„ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში ზელენსკიმ გააკრიტიკა ტრამპის მიერ რუსეთთან მიღწეული შეთანხმება დიზელის საწვავის შესახებ, დაგმო აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის შეწყვეტა და განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ავტოკრატებისა და ძალიან მდიდარი ადამიანების მიმართ სიმპათიით არის განწყობილი.
„ის ღიად და ხმამაღლა აცხადებს, რომ ასეთი ადამიანები უყვარს და პატივს სცემს. მისი აზრით, თუ ადამიანს შეუძლია, ლიდერად 20, 30 ან 40 წლის განმავლობაში დარჩეს, ესე იგი, უზარმაზარ ძალას ფლობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დარტყმები შეწყვიტა, ქვეყანას კვლავ არ მიუღია აშშ-ისგან გაფრთხილებები რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ.
გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, შეიზღუდა Starlink-ის ტერმინალების მუშაობაც. უკრაინის პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ Starlink-ისპრობლემები რაიმე ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
„ეს ტექნიკური პრობლემა არ ყოფილა, ეს გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.