ნოემბერში საქართველოში ტემპერატურის კლება და ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. შემოდგომის ბოლო თვეს ცივი დილები და ღამეები, ნალექიანი დღეები, მაღალმთიან რეგიონებში კი პირველი თოვლი და ყინვა ახასიათებს.
კლიმატური მონაცემების მიხედვით, თბილისში ნოემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 12-13 გრადუსს შეადგენს, ღამით კი დაახლოებით 5 გრადუსამდე ეცემა. თვის მეორე ნახევარში შესაძლოა კიდევ უფრო აცივდეს.
დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპიროზე, შედარებით ხშირია წვიმიანი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში კი ძირითადად გრილი დღეებია მოსალოდნელი, პერიოდულად ნალექით.
მაღალმთიან რეგიონებში ნოემბრიდან ზამთრისთვის დამახასიათებელი ამინდი იწყება. ტემპერატურის კლებასთან ერთად, მოსალოდნელია თოვა და ღამის ყინვები.