პროკურატურამ სწორი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგა, ახლა ეს ხალხი გამოიკითხება და ყველა ნათლად დავინახავთ, ჭორის გავრცელება ხდება, თუ მათ რაიმე ხელშესახები ჰქონდათ, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქმეზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი, ამის მიუხედავად, საჯარო განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხება რამდენიმე პირი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი“.
შარმანაშვილის თქმით, ეს გამოკითხვა აჩვენებს და კიდევ ერთხელ ვნახავთ, რა ხალხთან გვაქვს საქმე.
„მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს მორიგი ჭორაობაა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციის მიზნით. თუ ვცდები, ეს გამოკითხვა გვაჩვენებს და ვნახავთ კიდევ ერთხელ, რა ხალხთან გვაქვს საქმე. საერთაშორისო მასშტაბით იმას, ვინც ინფორმაციას ჭორებზე აგებს, ყვითელ პრესას ეძახიან. რა დავარქვათ, ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს? ალბათ, „ყვითელი პოლიტიკოსები“, რომლებიც თავის მოსაზრებებს ჭორებზე აგებენ. ეჭვი მეპარება, მათ რაიმე ხელშესახები ჰქონდეთ. მათი მიზანია, სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაცია. მათ ხომ ყველაფერი უნდა გააშავონ და თქვან, რომ ამ ქვეყანაში კარგი არაფერი ხდება, სულ შეთქმულებებია, ვიღაც ვიღაცას მოკვლას ან უკანონო ქმედებებს და ჩაგვრას უპირებს. ამით ცოცხლობენ და საზრდოობენ – ჭორებით, ტყუილებით და ასეთი ნარატივებით. თორემ რაც ხელშესახებია და სადაც დანაშაული გვაქვს, იქ მათი დახმარება არ გვჭირდება. თანამდებობის პირების მიუხედავად, ეს პოლიტიკურად დაგვაზარალებს პოლიტიკურად თუ არა, განსაკუთრებულ ზომებს ვიღებთ. როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებდით, კარგად ვიცოდით, რომ პოლიტიკურად ხელისუფლებისთვის ეს ლამაზად არ გამოიყურება, როდესაც შენი ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აძლევ. სხვებისგან ჩვენი განსხვავება ისაა, რომ უკან არასდროს დავიხევთ, როდესაც იარსებებს სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში განაცხადეს, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.