ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებას არსებული სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით აპირებს, – აცხადებს აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი.
მისივე თქმით, შეთანხმება ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლოა, რადგან დიზელის საწვავის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.
„პირველ რიგში, ჩვენ ამას ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი უფლებამოსილების გამოყენებით გავაკეთებთ. ასე რომ, კონგრესში ვინც უნდა ამტკიცებდეს, რომ ამის გაკეთებას ძველი კანონპროექტი ან ლინდსი გრემის ამჟამინდელი კანონპროექტი გვიკრძალავს, ის ცდება.
ევროპელებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთს იმაზე მეტი ფული გადაუხადეს, ვიდრე უკრაინისთვის ჰქონდათ გადახდილი, რადგან რუსული ენერგორესურსებისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ. მათ ენერგეტიკული პოლიტიკა ჩაუვარდათ და კვლავ აფინანსებენ ვლადიმირ პუტინს. ამიტომ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ დიზელის ფასების შემცირებით მიღებული შეღავათი არ უნდა გვქონდეს, ეს სრული თვალთმაქცობაა“, – აცხადებს სკოტ ბესენტი.