ᲐᲚᲘᲔᲕᲘ ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲧᲐᲕᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲡ: ᲞᲐᲢᲘᲕᲪᲔᲛᲣᲚᲝ ᲑᲐᲢᲝᲜᲝ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲝ, ᲦᲠᲛᲐ ᲛᲬᲣᲮᲐᲠᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲕᲘᲢᲧᲕᲔᲗ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚ ᲙᲝᲠᲞᲣᲡᲨᲘ ᲛᲝᲛᲮᲓᲐᲠᲘ ᲐᲤᲔᲗᲥᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲐᲓ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲦᲣᲞᲕᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
პოლიტიკა

ᲐᲚᲘᲔᲕᲘ ᲛᲘᲮᲔᲘᲚ ᲧᲐᲕᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲡ: ᲞᲐᲢᲘᲕᲪᲔᲛᲣᲚᲝ ᲑᲐᲢᲝᲜᲝ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲝ, ᲦᲠᲛᲐ ᲛᲬᲣᲮᲐᲠᲔᲑᲘᲗ ᲨᲔᲕᲘᲢᲧᲕᲔᲗ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚ ᲙᲝᲠᲞᲣᲡᲨᲘ ᲛᲝᲛᲮᲓᲐᲠᲘ ᲐᲤᲔᲗᲥᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲓᲔᲒᲐᲓ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲦᲣᲞᲕᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

წერილში ალიევი ყაველაშვილს აზერბაიჯანელი ხალხის სახელით სამძიმარს უცხადებს. ის დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. 

„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ თბილისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.

ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე ქართველ ხალხს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს ალიევი.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.