საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმის განხილვისას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „ძლიერი საქართველო − ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებებზე საუბრობს და 2025 წლის სექტემბერში მის მიერ გაკეთებულ საჯარო მოწოდებებს იხსენებს.
კერძოდ, გორდულაძე იხსენებს 2025 წლის 15 სექტემბერს ირაკლი კუპრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველო − ლელოს“ სტრატეგია ივანიშვილის წინააღმდეგ საარჩევნო და საპროტესტო ბრძოლას აერთიანებდა.
„2025 წლის 15 სექტემბერი, ირაკლი კუპრაძე (საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში პოლიტიკური პარტია „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი), მედიასთან კომენტარი: „კოალიცია ძლიერი საქართველო − ლელო არის წარმოდგენილი კონკრეტული გეგმით, რაც ეხება ყველა ბრძოლის ველზე წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. ეს არის, მათ შორის, არჩევნებზე ბრძოლა და, მათ შორის, საპროტესტო აქციებით ბრძოლა. ჩვენი გზავნილი არის მოქალაქეებისადმი: დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე და საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე და ისევ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ეს ორი გზა არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, პირიქით − აძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას.“
2025 წლის 18 სექტემბერი, ირაკლი კუპრაძე (საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში პოლიტიკური პარტია „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი), მედიასთან ინტერვიუ („TV პირველი“)
[ირაკლი კუპრაძე]: როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია? როგორც ვიქცევით ჩვენ. როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება? დილით წავიდეს არჩევნებზე, 15 წუთი დაუთმოს საკუთარ ქალაქს, მომავალს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჩააბაროს, არ გადააბაროს დედაქალაქი და ძალაუფლება. ოპოზიციური მერის პირობებში შესაძლებელია თბილისში ისეთი ბრძოლა გაუმართო რუსულ რეჟიმს, რომელიც არასდროს არ ჰქონია მას, გაათავისუფლო წნეხისა და ძალადობისგან 40 000 საჯარო მოხელე, რომელიც თბილისშია.
[ჟურნალისტი]: ოპოზიციურ სპექტრში კოლეგების ნაწილი ვერ დაარწმუნეთ, მაგრამ მათი ამომრჩევლის ნაწილის დარწმუნებას თუ ცდილობთ და შეძლებთ?
[ირაკლი კუპრაძე]: მათ ამომრჩეველს ვესაუბრები და, მათ შორის, ამ პოლიტიკოსებს ვესაუბრები, რომლებმაც უნდა გადახედონ საკუთარ სტრატეგიას, რომელიც, ჩემი აზრით, არ არის სწორი, რომ ოპოზიცია ერთმანეთს ებრძოდეს და ვურტყამდეთ. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ რა ბრალდებებიც არ მივიღეთ ამ წლების განმავლობაში, ამ ბრალდებებისთვის არ გვიპასუხია, არ ვპასუხობთ, არც ხვალ არ ვუპასუხებთ ამ ბრალდებებს იმიტომ, რომ ერთობა მნიშვნელოვანი საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულად განსხვავდება ხედვები, მაგრამ შეცდომაა ის, რომ შეაპირისპირო ერთმანეთთან საარჩევნო ბრძოლა და საპროტესტო ბრძოლა. შეცდომაა ეს ყველაფერი. უნდა იყოს დილით არჩევნები და შემდეგ საპროტესტო მუხტი და საპროტესტო ბრძოლა.“
2025 წლის 20 სექტემბერი, ირაკლი კუპრაძე (საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებში პოლიტიკური პარტია „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი) ფეისბუქპოსტი და თანდართული ვიდეოკომენტარი: „დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე!“,- განაცხადა გორდულაძემ.