გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშებზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.

როგორც აბაშიძე წერს, სამიზნე იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების კაპიტალი და კომპანია Eagle Hills-ის მიერ დაგეგმილი მასშტაბური საინვესტიციო პროექტები.

მისივე შეფასებით, საზოგადოებამ ამ კამპანიას პასუხი 20 სექტემბერს გასცა, როდესაც, თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 2 000 ადამიანი შეიკრიბა და რაც „ეროვნულ ტრაგედიად“ უნდა გასაღებულიყო, რეალობამ ერთ დღეში მორიგ პოლიტიკურ ფიასკოდ აქცია.

„ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ — ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.
სამიზნე იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების კაპიტალი და Eagle Hills-ის მიერ დაგეგმილი უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია. 2025 წლის შეთანხმებით, კომპანია $6.5 მილიარდს Tbilisi Waterfront-სა და Gonio Yachts & Marina-ში ჩადებს — საცხოვრებელი, სასტუმრო, კომერციული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, მათ შორის გონიოს იახტების მარინის განვითარების პროექტებში.
ამის საპირწონედ დეზინფორმატორებმა და მანიპულატორებმა საზოგადოებას „არაბული სოფლები“, „ქალაქები“, „მეჩეთები“ და საქართველოში არაბთა მასობრივი ჩამოსახლება შესთავაზეს.
საზოგადოებამაც გასცა პასუხი – 20 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე მხოლოდ 2 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ შორის, სამწუხაროდ, არაერთი სწორედ ამ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ მყოფი.
„არა ნამახვანჰესის“ და „ვარლამ გოლეთიანობის“ ძველი სცენარიც გაიმეორეს — საფრთხის გამოგონება, მითის გამუდმებით გამეორება და შემდეგ მისი ქუჩაში „ხალხის ხმად“ გასაღება.
მორიგ დეზინფორმაციულ ფაზაში ორი თვე ქვეყანას „არაბიზაციით“ აშინებდნენ და ბოლოს საკუთარი პროპაგანდის ნანგრევებში თვითონვე აღმოჩნდნენ — რაც „ეროვნულ ტრაგედიად“ უნდა გაესაღებინათ, რეალობამ ერთ დღეში მორიგ პოლიტიკურ ფიასკოდ აქცია. ახლა საინტერესოა, შემდეგი დეზინფორმაციული ეტაპისთვის, რომელიც ასევე წარუმატებლად დასრულდება, რას მოიგონებენ?..“ – წერს აბაშიძე.