მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა
საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ გახსნა.

მონაწილეებს სიტყვით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ და სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა მიმართეს.

შეხვედრის ფარგლებში ევროპარლამენტის წევრმა, ლეტიცია მორატიმ იტალიაში მოქმედი სარეაბილიტაციო ორგანიზაციის, სან პატრინიანოს საქმიანობა წარადგინა. ორგანიზაცია დამოკიდებული მქონე ადამიანების რეაბილიტაციაზე, განათლებასა და პროფესიული უნარების განვითარებაზე მუშაობს.

ნარკოდამოკიდებულების პრევენციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ კოალიციას (ECAD) 2025 წლის ოქტომბერში შეუერთდა. კოალიციის დამფუძნებელ დეკლარაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კოპენჰაგენში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მოაწერა ხელი.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებსა და სამართალდაცვით მექანიზმებს შორის სათანადო ბალანსს მოითხოვს. ამ მიმართულებით საქართველოში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწყებებსა და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

მინისტრმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასa და დამოკიდებულებასთან დაკავშირებული გამოწვევები მუდმივად იცვლება, ამიტომ საჭიროა პრევენციისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ახალი, ეფექტიანი მიდგომების შემუშავება.

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ადრეული პრევენციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს განათლებას, ოჯახების ჩართულობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

შეხვედრის დასასრულს მიიღეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კოალიციის (ECAD) დეკლარაცია დამოკიდებულებების პრევენციისა და რეაბილიტაციის შესახებ, რომელიც პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.