ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲣᲚ ᲡᲐᲒᲐᲜᲛᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲚᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲖᲔ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲡᲣᲠᲕᲔᲚᲗᲐ ᲢᲔᲡᲢᲘᲠᲔᲑᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ
საზოგადოება

ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲣᲚ ᲡᲐᲒᲐᲜᲛᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲚᲝ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲖᲔ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲡᲣᲠᲕᲔᲚᲗᲐ ᲢᲔᲡᲢᲘᲠᲔᲑᲐ ᲓᲐᲘᲬᲧᲝ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების მიმდინარეობას თბილისში, კოლეჯებში – „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა“ და „სქილვილში“, ასევე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო. 

ტესტირება 24 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ხოლო 25 ოქტომბერს – წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში ტარდება. 

პროფესიული ტესტირება 27 ქალაქში გახსნილ 42 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.

წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.

თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.

ტესტირების პროცესს თამარ მემანიშვილთან ერთად აკვირდებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეები – ეკატერინე მაჩიტიძე და დავით საღინაძე, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე.