თორნიკე ჭეიშვილი: 2004–2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის მხილებულია 558 საჯარო მოხელე, გამამტყუნებელი განაჩენი კი დადგა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას და სხვა პირთათვის
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: 2004–2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის მხილებულია 558 საჯარო მოხელე, გამამტყუნებელი განაჩენი კი დადგა მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას და სხვა პირთათვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2004-2012 წლებში ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა წარადგინა. მისი თქმით, პასუხისგებაში მიეცა 558 საჯარო მოხელე, მათ შორის, სასჯელაღსრულების და შსს-ს 217 თანამშრომელი.

ჭეიშვილის თქმით, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დევნა სასჯელაღსრულების 91 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 126 თანამშრომლის მიმართ დაიწყო.
ჭეიშვილმა ჩამოთვალა ის პირები, ვის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მათ შორის, არიან მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით ჩხატარაშვილი, გიორგი ლაცაბიძე, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, შოთა ხიზანიშვილი, გიორგი ლორთქიფანიძე, დავით ახალაია, ერეკლე კოდუა, ასევე, სამმართველოების ხელმძღვანელები და სხვა თანამშრომლები.

„2004–2012 წლებში ჩადენილი დანაშაულებისათვის საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფების მიერ ერთობლივად მხილებულ იქნა 558 საჯარო მოხელე. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების სისტემისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 217 თანამშრომლის მიმართ, ამათგან 91 პირი იყო სასჯელაღსრულების, ხოლო 126 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. სისხლის სამართლებრივი დევნის მუხლობრივი მაჩვენებელი შემდეგია: სსკ-ის 1441 მუხლი (წამება) – 50 პირის მიმართ (სასჯელაღსრულების თანამშრომელი 30, შსს 20 პირი); სსკ-ის 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) 68 პირის მიმართ (სასჯელაღსრულების თანამშრომელი 52, შსს 24 პირი); სსკ-ის 333-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) 108 პირის მიმართ (სასჯელაღსრულების თანამშრომელი 18, შსს 92 პირი); სსკ-ის 332-ე მუხლი (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) – 12 პირის მიმართ (სასჯელაღსრულების თანამშრომელი 6, შსს 6 პირი). იმ პირებს შორის, ვისთან მიმართებითაც მოცემული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გამო დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, არიან: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორის ორი ყოფილი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და გიორგი ლაცაბიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დაწესებულების 11 ყოფილი დირექტორი, სასჯელაღსრულების დაწესებულების 8 დირექტორის მოადგილე, სასჯელაღსრულების სისტემის 69 თანამშრომელი, მათ შორის არიან განყოფილების უფროსები, რეჟიმის უსაფრთხოების თანამშრომლები, ბადრაგები და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია, შინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და გიორგი ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დავით ახალაია, იმავე სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ერეკლე კოდუა, სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, დეპარტამენტის უფროსის სამი მოადგილე ვასილ ლილუაშვილი, იოსებ თოფურიძე და ლევან ტაბიძე, სამმართველოს 19 უფროსი, მათ შორის კოხტა კოდუა, მეგის ქარდავა, სამმართველოს უფროსის 10 მოადგილე, მათ შორის ლევან ქარდავა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სხვა 87 პირი“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.