ᲚᲘᲝᲜᲨᲘ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲡᲐᲞᲠᲝᲢᲔᲡᲢᲝ ᲐᲥᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲨᲚᲔᲚᲐᲓ ᲪᲠᲔᲛᲚᲡᲐᲓᲔᲜᲘ ᲒᲐᲖᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲐ
პოლიტიკა უცხოეთი

ᲚᲘᲝᲜᲨᲘ ᲞᲝᲚᲘᲪᲘᲐᲛ ᲡᲐᲞᲠᲝᲢᲔᲡᲢᲝ ᲐᲥᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲨᲚᲔᲚᲐᲓ ᲪᲠᲔᲛᲚᲡᲐᲓᲔᲜᲘ ᲒᲐᲖᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲐ

საფრანგეთის ქალაქ ლიონში პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა დაახლოებით 150-კაციანი საპროტესტო აქცია. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დემონსტრაცია იმ ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ხელისუფლებას ყველა სახის შეკრება აკრძალული ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის რამდენიმე ყუმბარა გამოიყენა უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფაკულტეტთან და ქალაქის პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად.

აქცია საფრანგეთის მასშტაბით გამართული საპროტესტო გამოსვლეს ნაწილი იყო. დემონსტრანტები ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებდნენ. პოლიცია მაშინ ჩაერია, როდესაც აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

მანამდე ქალაქის თავზე პოლიციის ვერტმფრენი დაფრინავდა, ქუჩებში კი უსაფრთხოების ძალები პატრულირებდნენ. ახლომდებარე ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკა და სპეცდანიშნულების პოლიციის მიკროავტობუსები იყო განლაგებული. 

მაღაზიების ვიტრინები და შესასვლელები დამცავი ფარებით არის გამაგრებული, ზოგიერთ სავაჭრო ობიექტთან კი კერძო დაცვის თანამშრომლები მორიგეობენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოწოდებები, რომ მოქალაქეები ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციების გამართვის აკრძალვას არ დამორჩილებოდნენ.