არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და არავითარი ახსნა ამას არ მოჰყოლია, უბრალოდ ვიღაცას უნდოდა, გამოეყენებინა ევროპული ბიუროკრატია იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინეთ კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ განცხადების მიზანსა და შინაარსზე, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას შეეხებოდა და შემდგომ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში განვითარდა.
„მხოლოდ პოლიტიკოსები და შესაბამისი პოლიტიკური აქტივისტები არ იყვნენ, იქ უამრავი ჩვეულებრივი ადამიანი გამოვიდა, რომელსაც არ მოეწონა და ძალიან უარყოფითად მიიღო ეს განცხადება და ჰქონდა გულწრფელი აღშფოთება ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ განცხადების შინაარსსა და მიზანს, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო.
ძალიან რთული პროცესი გამოვიარეთ მანამდე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ბოლომდე იყო ამ გზის ერთგული და ამ გზის ერთგულია დღესაც. ეს პირველ რიგში, 2014 წელს დავადასტურეთ, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ასევე, იგივე შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან. ეს იყო ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც გაფორმდა ევროკავშირთან. რეალურად, მანამდე ხელშესახები შედეგი ამ გზაზე არ გვქონია. პირველი ნაბიჯი იყო, სწორედ, ასოცირების შეთანხმება, მეორე – DCFTA, ანუ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან. ამის შემდეგ დაიწყო ძალიან რთული პროცესი 2022 წლიდან. მოხდა ასეთი რამ, რომ უკრაინას შესთავაზეს განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსზე, ეს მოხდა ომის დაწყებიდან დაახლოებით 4 დღეში. ჩვენ მოლდოველებთან გვქონდა კავშირი ამასთან დაკავშირებით, ორისგან არ იქნებოდა ბუნებრივი განაცხადის შეტანა, თუ მოლდოვაც შეიტანდა, მაშინ იქნებოდა ლოგიკური 3 სახელმწიფოს მიერ ერთდროულად განაცხადის შეტანა. უკრაინა ომის მდგომარეობაში იყო და ამიტომ შესთავაზეს და სამივეს ერთობლიობა იყო მნიშვნელოვანი. როდესაც მივიღეთ დასტური მოლდოვასგან, რომ მათ შეჰქონდათ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, ჩვენც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ რისკები გვქონდა გათვლილი. რაში მდგომარეობდა ეს რისკები – ჩვენ მაშინვე შევკრიბეთ საპარლამენტო უმრავლესობა და ღიად ვესაუბრეთ ამ რისკებთან დაკავშირებით, გვქონდა კონკრეტული შიში, რომ მიიღებოდა ის გადაწყვეტილება, რაც მოგვიანებით ნამდვილად მიიღეს, რომ მიანიჭებდნენ 2 ქვეყანას სტატუსს, საქართველოს – არა და ეს გახდებოდა შანტაჟის საბაბი ქვეყნის წინააღმდეგ. მაშინვე ვუთხარით გუნდს, რომ მიუხედავად ამ რისკისა, მაშინვე უნდა შეგვეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსზე იმისათვის, რომ ჩვენი მხრიდან დაგვეფიქსირებინა მკაფიო ნება და სურვილი და ეს იყო, რა თქმა უნდა, ხალხის ნების გამოხატულება. განცხადება გავაკეთეთ მარტის დასაწყისში და შემდეგ უკვე მთელი საჯარო სექტორი იყო ჩართული ამ ყველაფერში. დაახლოებით, 5 000-გვერდიანი დოკუმენტი მომზადდა, გაიგზავნა და მაშინ არ იყო არც 12 პუნქტი, არც 9 პუნქტი, ქვეყანას რაიმე მოთხოვნაც არ ჰქონდა წაყენებული. უბრალოდ ჩვენ გვევალებოდა არსებული ვითარების აღწერა და ამის შესახებ მოხსენების გაგზავნა, გაიგზავნა 5 000-გვერდიანი დოკუმენტი.
საბოლოო ჯამში, მოხდა რა – შუალედში იყო ცნობილი „ბაკურიანის შეკრება“, სადაც უცხოელებიც იყვნენ ჩართულები. სამწუხაროდ, იქ შეიკრიბა ოპოზიცია, ასევე „ენჯეოების“ და კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც იყვნენ წარმოდგენილები და ჰქონდათ საუბარი ღიად რაზე, რომ როდესაც საქართველოს არ მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და ამაში ღრმად იყვნენ დარწმუნებულები, მათ ამის საფუძველზე უნდა დაეორგანიზებინათ რევოლუციური პროცესები.
მოხდა ზუსტად ეს – ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, არავითარი ახსნა ამას არ მოჰყოლია, არავითარი ახსნა. ბრიფინგიც გახსოვთ ალბათ, იქ ითქვა, რომ უკრაინელები მზად არიან, მოკვდნენ ევროპისთვისო. ეს განცხადება გაკეთდა შემდეგ სოციალურ მედიაშიც და სასწრაფოდ აიღეს, როდესაც ნახეს, რომ არასწორი, არაადეკვატური განცხადება იყო. მოლდოვასაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. არსად დასაბუთებულობა არც თქმულა და არც გამოუგზავნიათ წერილობით და საქართველოსთან დაკავშირებითაც არაფერი უთქვამთ, ერთადერთი თქვეს ის, რომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. ანუ, ჩვენი შიში რაშიც მდგომარეობდა, ის, სამწუხაროდ, გამართლდა. ვიღაცას უნდოდა, გამოეყენებინა ევროპული ბიუროკრატია იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინეთ კანდიდატის სტატუსის გამოყენებით. ეს არის ჩვენი გადმოსახედიდან მონაყოლი ისტორია ამ თემასთან დაკავშირებით. პირველი 5 თვე ამაში გავატარეთ, დაახლოებით 4-5 თვე, მარტიდან ივნისის ჩათვლით ჩვენ ვმუშაობდით, ვამზადებდით ჩვენს განაცხადს და ივნისში უცბად გვითხრეს უარი. უამრავი გულწრფელი ადამიანი გამოვიდა მაშინაც, მაშინ, სხვათა შორის, ყველაზე მეტი ადამიანი გამოვიდა პირველად, როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ხალხი გაბრაზდა არა იმაზე, ვინც არ მოგვცა სტატუსი, არამედ გაბრაზდა ხელისუფლებაზე, როცა დასაბუთება არავითარი არ იყო, არც დაწერილი და არც ობიექტური დასაბუთება არ არსებობდა,“- განაცხადა პრემიერმა.