2026 წელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აღსანიშნავია 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლით მიმოსვლის აღდგენა.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულება. ეს პროექტი არის არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა აქვს უფრო ფართოდ და დაკავშირებადობის კონტექსტში ამ პროექტის სრულად დატვირთვას აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ გაიზარდოს სატრანზიტო პოტენციალი.
მნიშვნელოვანი შეთანხმებები იყო მიღწეული ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე წლის განმავლობაში. ამ მიმართულებით გაფორმებული შეთანხმებები, კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში.
პოზიტიური დინამიკა გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის სფეროში, თუმცა პოტენციალი არის ყოველთვის უფრო მეტი და ამ შემთხვევაშიც, მოხარული ვიქნებით თუ ვნახავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, გაძლიერებას და ქვეყნებს შორის არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.